გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მხარდაჭერით აქვს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ეს რეალობაშიც ასე არის
“ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ღირებულებითი ნაწილი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციას აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამის პოლიტიკის გატარებასთან მიმართებით, არის სრულად თანხვედრაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოში “ქართული ოცნება” საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით ახორციელებს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მხარდაჭერით აქვს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან.
“ამ კონტექსტში ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონი სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებით ნაწილთან, რომელზეც აქცენტირება ტრამპმა არაერთხელ გააკეთა და განსაკუთრებით გუშინდელ საინაუგურაციო გამოსვლაშიც, სადაც მან ცალსახად თქვა, რომ არის ორად-ორი სქესი, ეს არის – ქალი რომ ქალია და კაცი რომ კაცია. შესაბამისად, არანაირი ერთსქესიანთა ქორწინება, არანაირი სქესის გადაკეთება, არანაირი ერთსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის პროცედურები მისი პრეზიდენტობის დროს არ განხორციელდება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მხარდაჭერით აქვს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ეს რეალობაშიც ასე არის და აშშ-ს პრეზიდენტის გუშინდელმა გამოსვლამ, ეს კიდევ დაადასტურა”, – აცხადებს გივი მიქანაძე.