თურქეთში, სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, ხანძრის შედეგად დაშავებულია 32 პირი.

შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა. ცეცხლი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა.

მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.

ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.

როგორც მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.

კურორტის სხვა სასტუმროებიდან, სიფრთხილის მიზნით, დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები