ანა კალანდაძის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში, მისივე სახელობის სკვერში, პოეტის ბიუსტი გაიხსნა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ანა კალანდაძის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში, მისივე სახელობის სკვერში, პოეტის ბიუსტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ისაუბრეს პოეტის მოგონებებზე მშობლიურ სოფელთან დაკავშირებით; ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მისი ლექსები წაიკითხეს; ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
საღამოს, მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ანა კალანდაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ ჩოხატაურელებს მიულოცეს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, შემდეგ კი სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ქეთევან მოესწრაფიშვილთან ერთად ყვავილებით შეამკეს პოეტის ბიუსტი.
ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კუკულავა უძღვებოდა.
სკულპტურის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.