მამუკა მდინარაძე – ზარქუასა და სანიკიძეზე: ორივე თბილისშია – პატიმრობაში არ ყოფილან
“ორივე თბილისშია. პატიმრობაში არ ყოფილან ისინი. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში ორივე”, – ასე უპასუხა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა იმყოფებიან თუ არა პატიმრობაში „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
მისი განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ დაპირისპირებულმა ორივე მხარემ გადაიხადა ჯარიმები.
„ის ადამიანი სამი დღის განმავლობაში მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს კოლეგებს. მე თუ ვინმე თავს მესხმის აუცილებლად პასუხს გავცემ. მეორე, გამართლება შეიძლება ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს. მაგრამ ერთი სამწუხარო კია, რომ პროვოკაციაზე რაღაც დოზით იმ ადამიანმა შეძლო და წამოაგო. როდესაც სამი დღე ითმენდნენ ეს ბიჭები, დეპუტატის იქით ხომ ადამიანია პირველ რიგში და რთულია ქართველმა კაცმა მოითმინო დედის გინება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.