მამუკა მდინარაძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთი ორად სასიხარულოა, რომ სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელ ქვეყანასაც სულ რამდენიმე დღის წინაც კი მავნებელი ხელისუფალი მართავდა
„ერთი ორად სასიხარულოა, რომ სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელ ქვეყანასაც სულ რამდენიმე დღის წინაც კი მავნებელი ხელისუფალი მართავდა“, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღეს „ფეისბუქზეც“ გავაზიარე სტატუსი, მეტი კომენტარი ამას [სახელმწიფო მდივნის განცხადებას] აღარ სჭირდება მეთქი. მართლა ვერ წარმოიდგენდა ბევრი, რამდენიმე თვის წინაც კი, რომ აშშ-ის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი გააკეთებდა ასეთ განცხადებას. განსაკუთრებით განცხადების პირველი ნაწილია მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტზე, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ ისეთი განცხადებები და მავნებლობები აკეთა, „დიფ სთეითის“ როლი იმდენად გაზარდა საქართველოში და იმხელა წნეხი იყო, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი განცხადება გაკეთდებოდა. ერთი ორად სასიხარულოა, რომ სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელ ქვეყანასაც სულ რამდენიმე დღის წინაც კი მავნებელი ხელისუფალი მართავდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წასწევს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.