“როგორც ჩანს, ყინულმჭრელის როლი ლორა თორნტონს შეასრულებინეს და დაავალეს, იქნებ, შენ იყო პიონერი ამ საკითხში, რომ დარტყმა მიაყენო ტრამპსო” – მდინარაძე
“მარკო რუბიო როცა ლაპარაკობს, რომ ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და ასეთი საკითხები წინ უნდა წამოსწიონ ერებმა, ამას კრიტიკის გარეშე ვერ ჩაუვლიან და, როგორც ჩანს, ყინულმჭრელის როლი ლორა თორნტონს შეასრულებინეს, დაავალეს, იქნებ შენ იყო პიონერი ამ საკითხში, რომ დარტყმა მიაყენო ტრამპსო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
„ამ ნაწილში შეიძლება, დავეთანხმოთ, რადგან ძალიან არაბუნებრივია ოპოზიციის მხრიდან ტრამპის ქება, რადგან მათ აბსოლუტურად შეიცვალეს პოზიცია. მათი მხრიდან უპრინციპობა გასაგებია, აგენტურის პრინციპულობა წარმოუდგენელია, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა ახსოვდეთ, რომ რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებები ისევ აქტუალური შეიძლება იყოს, ამოიღოთ ელემენტარულად თქვენ და საზოგადოებას აჩვენოთ. მაგრამ აქ უფრო დიდ თემასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად იცვლება მსოფლიო დღის წესრიგი. როდესაც სახელმწიფო მდივანი გამოდის და საუბრობს ეროვნული ინტერესების წინ წამოწევაზე, მშვიდობასა და იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ, საბედნიეროდ, ორი და სამი წლის წინ უკვე ვსაუბრობდით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თურმე სწორ გზაზე დავდექით – ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენის სწორ გზაზე, რომელსაც თავისი განცხადებით სიტყვა სიტყვით ადასტურებს აწ უკვე სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატებისა. ისინი დაადასტურებენ თუ – არა, ესეც შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, რამდენადაც ეს რომ სიმართლეა, მხოლოდ ეს ფაქტორი.
როდესაც მარკო რუბიო ლაპარაკობს ამ თემებზე, რომ ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და ასეთი საკითხები წინ უნდა წამოსწიონ ერებმა, ამას კრიტიკის გარეშე ვერ ჩაუვლის ის ხალხი და, როგორც ჩანს, ყინულმჭრელის როლი აქ ქალბატონ ლორას შეასრულებინეს და დაავალეს, იქნებ შენ იყო პიონერი ამ საკითხში, რომ დარტყმა მიაყენო ტრამპს. და ახლა რა მაგრად აინტერესებს იქიდან ტრამპს ლორას საკითხები, ჩვენი წარსულში ცნობილი კრიტიკოსის არ იყოს, ალბათ კარგად ხვდებით. შესაბამისად, მსოფლიო დღის წესრიგი იცვლება და, საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ ისეთი საკითხების პრიორიტეტულობას, რომელიც გვაწყობს ბუნებრივად. ამის უკან რა შეიძლება იყოს, ამას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო კარგად გამოაჩენს კვირების, თუ თვეების შემდეგ და ბევრი საკითხი უფრო თვალნათელი გახდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის მესიჯები, რაც მათი მხრიდან ახლა ხმოვანდება, ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას ძალიან აწყობს. ხვალ რა იქნება, შევხედოთ და წარმატება ვუსურვოთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში მოქმედ ადმინისტრაციას, ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “სექსუალური მოძალადე და დამნაშავე” უწოდა.