მამუკა მდინარაძე: ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ასეული ადამიანი მინიმუმ, აქედან მხოლოდ 30-ია დაკავებული სისხლის სამართლის წესით
„ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ასეული ადამიანი მინიმუმ, აქედან მხოლოდ 30-ია დაკავებული სისხლის სამართლის წესით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
„ყველა ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რამდენიმე ასეული ადამიანი არ და ვერ არის იდენტიფიცირებული იმ მოძალადეთაგან, რომლებსაც შტურმი მიჰქონდათ პოლიციელებზე, რომლებიც თავს უტეხდნენ პოლიციელებს, 170-მდე პოლიციელია დაზიანებული და უშუალო დამზიანებელი შესაძლოა ერთიც კი ვერ არის იდენტიფიცირებული ნიღბების და სხვადასხვა მომენტების გამო. „ნაცები“ ბედავენ, რომ თავად შეიყვანონ ჩიხში გამოძიება, თვითონ ამბობენ, რომ იციან ვინ არიან დამნაშავეები, არ ასახელებენ ამ დამნაშავეებს, როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება თქვენი კოლეგა მიდის საგამოძიებო ორგანოში და ამბობს მე წყარომ მითხრა ეს და ეს ადამიანები იყვნენ და მეტს არ დავასახელებო.
ჩემი ინფორმაციით, თქვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალბატონი არის დაკითხული, რომელსაც აქვს რაღაც ინფორმაცია ვინ იყო თქვენს კოლეგაზე თავდამსხმელი, მაკა ჩიხლაძეს ვგულისხმობ და ამბობს, რომ ეს და ეს იყვნენ, ოღონდ წყარომ მითხრაო, ანუ პირდაპირ მტკიცებულებას არ ქმნის და უბრალოდ ასე ჭორაობს დაკითხვაზე და ამ შემთხვევაში წყაროს იშველიებს, რადგან ჭორაობა გააგრძელოს. ამით ჩიხში შეჰყავთ მათ გამოძიება და ამ ნიღბების გამო 170 პოლიციელი რომ არის დასახიჩრებული და დაზიანებული, მე მგონი უშუალოდ ამ ადამიანს ბრალი ედება ამ პოლიციელის დაზიანებაშიო, ასეთი ადამიანი ვერ თუ არ არის დაკავებული.
ჯერ უნდა ვთქვათ ძალადობრივ აქციებში ეს ადამიანები იღებდნენ თუ არა მონაწილეობას, თუ არ იღებდნენ უდანაშაულოები არიან. თუ ეს ადამიანები ძალადობრივ აქციებში მონაწილეობას არ იღებდნენ, მათი პატიმრობა უკანონოა. როცა ჩვენ ევროპის ქუჩებში ვუყურებთ მსგავს შემთხვევებში როგორ იქცევა პოლიცია, იმასთან შედარებით ჩვენსას ძალადობა კი არა ვერაფერი ვერ დაერქმევა, რაც შეიძლება ცუდ კონტექსტში იყოს რომელიმე ტერმინი გამოყენებული.
მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც წყაროს არ ასახელებს, დაასახელონ წყაროც, მიუთითონ, ამოიცნონ კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც საბოლოოდ თქვენ საქმეს აკეთებდნენ და თქვენს წისქვილზე ასხამდნენ წყალს. კი, თქვენს კოლეგას დაესხნენ თავს, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თქვენ მოგცათ სალაპარაკო და შესაბამისად მათი იდენტიფიცირება ჩვენი სუბიექტური ინტერესიც კი შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.