დონალდ ტუსკი: შეწყვიტეთ სპეკულაციები უკრაინის შესაძლო მარცხის შესახებ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დასავლურმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და შეწყვიტოს სპეკულაციები უკრაინის შესაძლო მარცხის შესახებ.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკის თქმით, „უახლოეს ხანში მოსალოდნელია დიდი თამაში უკრაინის, პოლონეთისა და ევროპის მომავლისთვის“.
„ჩვენ ყველამ, გამონაკლისის გარეშე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ დროს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. დავუჭიროთ მხარი მშვიდობისთვის, რომელსაც ყველა ველოდებით. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად, ჩვენ ეს ვიცით და ევროკავშირში არავის სურს მშვიდობა პოლონეთზე მეტად“, – აღნიშნა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მშვიდობა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც მშვიდობა იქნება სამართლიანი, ეს კი, ტუსკის თქმით, მაშინ მოხდება, როდესაც მთელი დასავლური სამყარო გააერთიანებს ძალისხმევას.
„შეწყვიტეთ მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქიდან სპეკულაცია უკრაინის შესაძლო დამარცხების შესახებ, ამას არაფერი აქვს საერთო ფაქტებთან“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა და დასძინა, რომ უკრაინა წარმატებით იცავს თავს რუსეთის თავდასხმისგან.