არჩილ გორდულაძე – ოპოზიციაზე: უნდათ ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება მოახდინონ, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია სრულად მოვა ხელისუფლებაში
ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში გადატრიალება მოახდინოს ვიდრე, ტრამპის ადმინისტრაცია სრულად მოვა ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცმაიდანი საქართველოში არ იქნება.
„საინტერესოა, რომ ჯერ 20 იანვართან დაკავშირებული წამოცდენა ჰქონდა გიორგი გახარიას, რომელიც გაიმეორა მიხეილ სააკაშვილმა. ახლაც გამოვლენ და იტყვიან, რომ გიორგი გახარია „ნაცმოძრაობის“ წევრი არ არის და მასთან დაკავშირებული არ არის? როგორ იმეორებს გიორგი გახარიას ნათქვამს ზუსტად სიტყვასიტყვით მიხეილ სააკაშვილი.
რეალურად, ეს ყველაფერი სიმართლეა. მათ ყველაფერი უნდათ, რომ მოასწრონ, ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება მოახდინონ ვიდრე, ტრამპის ადმინისტრაცია სრულად მოვა ხელისუფლებაში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რაც არ უნდა სცადონ, ჩაუვარდებათ ყველა კოვზი ნაცარში, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საჯარო სამსახურები, სისტემები, უსაფრთხოების სამსახურები.
ქართველი ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული და ამ მცირე ნაწილს, რომლებიც კარგად ორგანიზებულები არიან, რა მცდელობაც არ უნდა ჰქონდეთ, ფინიში ექნებათ ყოველთვის იგივე, რაც ჰქონდათ წინა სამ შემთხვევაში, ნაცმაიდანი საქართველოში ვერ იქნება“, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.