უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს იმ პირთა რეგისტრაციის შესახებ, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზიანდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული კანონი (No. 4071-IX) ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დეპორტირებული ან იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების შესახებ.
გარდა ამისა, სახელმწიფომ განსაზღვრა რუსეთის აგრესიის შედეგად ფიზიკური პირების პირად არაქონებრივ უფლებებზე მიყენებული ზიანის აღრიცხვის სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპები.
„ეს მოიცავს ჯანმრთელობის ტრავმას ან დაზიანებას, წამებას, სასტიკ ან არაადამიანურ მოპყრობას ან დასჯას, სამედიცინო, სოციალურ ან საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვასა თუ სხვა ზიანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.