17 დეკემბერი ოთარ კობერიძის დაბადების დღეა
17 დეკემბერი ცნობილი ქართველი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის, ოთარ კობერიძის დაბადების დღეა. მას დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აქვეყნებს ციფრულ ფოტომატიანეში დაცულ მსახიობის ფოტოსურათს.
1948 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1943-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; იყო სოხუმის დრამატული თეატრის, შემდეგ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
1941 წლიდან გადაიღეს კინოში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ბესარაბიელი პარტიზანი („შავი მთები”, 1941), ბაში-აჩუკი („ბაში-აჩუკი”, 1956), დათა („სხვისი შვილები”, 1959), ესპანელი ოფიცერი („ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ”, 1963), გრიაზნოი („მეფის საცოლე”, 1964), მფრინავი ეგზიუპერი („პატარა უფლისწული”, 1966), ჩეჩონი („წითელი კარავი”, 1970), შაჰ ქაუსი („რუსტამის გმრობანი”, 1971), კიაზო (ოპერა-ფილმი „დაისი”, 1971); ასევე გადაღებულია ფილმებში: „მამლუქი”, „ქალის ტვირთი”, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „გენერალი და ზიზილები”, „ზღვის შვილები”, „დათა თუთაშხია”, „ანთიმოზ ივერიელი”, „ალადინის ჯადოსნური ლამპარი” და სხვ.
ავტორია სატელევიზიო ფილმებისა: „გამსვლელი პაიკი” (1970), „აღმოსავლეთის ექსპრესი” (1976). დადგა სატელევიზიო სპექტაკლები: „მეშვიდე”, „მოცეკვავე კაცუნები”, „სურათები”; 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორია; შეასრულა 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა. 2009 წელს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის” წინ, გაიხსნა „ოთარ კობერიძის ვარსკვლავი“.
ოთარ კობერიძე იყო: საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.