ნავთობზე ფასი გაიზარდა. ამის მიზეზი ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციაა,- ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Brent-ის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფიუჩერსი 57 ცენტით (0,79%-ით) გაიზარდა და 72,41 აშშ დოლარს მიაღწია. ამერიკული WTI-ის ფასმა კი 58 ცენტით (0,85%) მოიმატა და ერთ ბარელში 68,58 აშშ დოლარი შეადგინა.
ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, შესაბამისად, ამ ქვეყანაში სამრეწველო საქმიანობის გაფართოებამ ნავთობის ფასის ზრდაზე იმოქმედა.
ნავთობის გაძვირების მეორე ფაქტორი არის ისრაელსა და ლიბანს შორის ახალი ომის ესკალაციის საფრთხე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე ისრაელის შეტევების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ამ ფაქტორზე ასევე გავლენას ახდენს სირიაში მიმდინარე ომიც. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ სირიაში შეიარაღებულმა ჯიჰადისტებმა ქალაქი ალეპო აიღეს, რომელიც სირიის ერთ-ერთი უდიდესი დასახლებული პუნქტია.