“არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ” – ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლების შემდგომ კომენტარს აკეთებს
“არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გათავისუფლების შემდგომ ისაუბრა.
როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მას გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.
“მე ვიყავი რუსთაველზე, აქციაზე და დილით გამთენიისას, როგორც ტრადიცია აქვთ ხოლმე, “რობოკოპები” წამოვიდნენ ყველა მიმართულებიდან და ჩვენ გავერიდეთ, ვინც ვიყავით დარჩენილები. მე და ჩემი მეგობარი ლუკა დაგვაკავეს თამარაშვილზე, ოღონდ არა იმ პოლიციელებმა, ქვემოდან ამოვიდნენ მანქანებით, გადმოირბინეს აქეთა გზა და დაგვაკავეს რაღაც ღობესთან. წაგვიყვანეს ორთაჭალაში. 4 საათი გავატარე, ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, არც ჩემთან მიმართებით, ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ, არც ლუკასთან მიმართებით. ხელწერილი დავწერე, ოქმი ჩავიბარე თუ რაღაც და გამომიშვეს,” – აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დღეს დილით, აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად დააკავა.