ალექსანდრე დარახველიძე: პოლიცია იყენებდა კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას იმ ფარგლებში, რაც არის რეგულაციებით დადგენილი
ჩვენ ვიყენებდით კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას იმ ფარგლებში, რაც არის რეგულაციებით დადგენილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილემ უპასუხა კითხვას, თუ რა საშუალებები გამოიყენა პოლიციამ აქციის დაშლის დროს.
„პოლიციას კანონით მინიჭებული აქვს უფლება გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. მათ შორის, სპეციალური საშუალებები, როგორც პასიური, ასევე აქტიური სპეციალური საშუალებები. პასიურ საშუალებებში მოიაზრება თავდაცვის ის საშუალებები, რომლითაც ხდება აქციის მოძალადე წევრებისგან დაცვა პოლიციელების, რაც შეეხება აქტიურ საშუალებებს, ეს იქნება წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი თუ სხვა საშუალებები, ამას ვიყენებთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც კანონშია განსაზღვრული. ანუ, მთავარი ტესტი აქ არის პროპორციულობა, იმ საფრთხიდან გამომდინარე, რა საფრთხეც დგას და რაც აუცილებელია, ასე ვთქვათ, მომდინარე ზიანის აღსაკვეთად. ამ შემთხვევაში პოლიცია იყენებს ყველა საშუალებას, რაც განსაზღვრულია. ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავდა, რომ გამოიყენებოდა წყლის ჭავლი, გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა წიწაკის სპრეის გამოყენება, საჭიროების შემთხვევებში სხვა საშუალებების გამოყენება, თუმცა ყველა კონკრეტულ საშუალებაზე ახლა ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, ვინაიდან ეს პროცესი ხანგრძლივად გრძელდებოდა. ხედავდით, რომ დაახლოებით 12 საათის განმავლობაში თითოეული ჩვენი დანაყოფი მობილიზებული იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე, რომ ჩვენ ვიყენებდით კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას იმ ფარგლებში, რაც არის რეგულაციებით დადგენილი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გაზი თუ სხვა საშუალებები. შესაძლებელია, საღებავიც იყოს გარეული და ა.შ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას“, – განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.