“ვინ ეკითხება ესტონეთს, ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ პარლამენტს, ქართველი ხალხი როგორ მოაწყობს საარჩევნო სისტემას და პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს” – მაჭარაშვილი
“ესტონეთის პარლამენტმა, პრაქტიკულად, დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები, ასევე, სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესები წინ უნდა წამოწიოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები.
“ვინმეს წინააღმდეგ თუ შეიძლება, ესტონეთს პრეტენზია ჰქონდეს, მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები სამწუხაროდ დიდად არიან დამოკიდებული უცხოურ ძალაზე, რასაც ჰქვია „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია.
შესაბამისად, თანამდებობის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი საკანონმდებლო ორგანოსა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ კადრულობენ ამას, აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ვინ ეკითხება ესტონურ სახელმწიფოს, ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ პარლამენტს, ქართველი ხალხი როგორ მოაწყობს საარჩევნო სისტემას და პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს. შეიძლება, საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს განცხადება, მაგალითად, ესტონეთში ესტონელმა ხალხმა როგორ უნდა მოაწყოს თავისი სახელმწიფო. ამ დროს ესტონეთში თავი მოაქვთ ლიბერალური დემოკრატიის მამებად, მაშინ, როდესაც პირდაპირ არიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, იგივე ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები, რომლებიც ასე უხეშად ერევიან სხვა ქვეყნის საქმეებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.