საქართველომ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027 წლებისთვის“
საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“ (Economic Reform Programme – 2025-2027) დოკუმენტი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის N31 განკარგულების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
დოკუმენტი, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად წარმოადგენს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან ჩარჩოს. დოკუმენტის მომზადებისას საქართველო მეტწილად ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ საშუალოვადიანი დაგეგმვის მიზნებს და პარამეტრებს, რომელიც თავის მხრივ, სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტიდან „ხედვა – 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.
„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“ დოკუმენტში, ასევე, ასახულია 2024 წლის 14 მაისს, ევროკომისიის მიერ მიღებული ერთობლივი დასკვნების ფარგლებში კანდიდატი ქვეყნებისათვის გაცემული რეკომენდაციების პროგრესი, საქართველოს „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2024-2026“ დოკუმენტის პირველი დოკუმენტის შეფასების საფუძველზე.
„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.
აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად.
აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://mof.ge/images/File/2025_Biujeti/23-01-2025/ERP%202025-2027_ENG_14.01_2025.pdf.