ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი სპორტის განვითარება, ჩვენი მიზანია, თითოეული მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსებით, ვიწყებთ 2-მილიარდიან პროგრამას

ვიწყებთ 2-მილიარდიან მუნიციპალურ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას, რომელიც აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სპორტის დაფინანსება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ გაიზარდა და შედეგები სახეზეა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაშიც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები და ჩვენ მომავალშიც ხელი უნდა შევუწყოთ სპორტის წარმატებას, მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი სპორტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ჩართულობა მასობრივ სპორტში არის გაათმაგებული ბოლო წლების განმავლობაში და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ყველა თაობის ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული მასობრივ სპორტში. მხარდაჭერა გაგრძელდება. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის ეს გულისხმობს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო მიზანი არის ის, რომ თითოეული მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსებით, რაც მოიცავს მათ შორის საცურაო აუზს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურას, მოიცავს გარე მოედნებს, შიდა დარბაზებს და ა.შ. ასეთი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ამისათვის ჩვენ ვიწყებთ 2 მილიარდიან მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას, რომელიც აუცილებლად წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები