ევროკომისია მთელ მსოფლიოში ევროკავშირის საელჩოების თანამშრომლების შემცირებას გეგმავს
ევროკომისია გარკვეულ ქვეყნებში ევროკავშირის საელჩოების პერსონალის შემცირებას გეგმავს.
გამოცემა “პოლიტიკოს” ცნობით, ევროკომისიის მიზანია, გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა იმ სახელმწიფოებში, რომელთაც ბრიუსელის მიმართ სტრატეგიული ინტერესი აქვთ.
კადრების შემცირების ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 2024 წლის ბიუჯეტს გადააჭარბა.
„სტატუს-კვოს შენარჩუნება ვარიანტი არ არის. ევროკავშირს სჭირდება დელეგაციების ქსელი, რომელიც უკეთ არის მორგებული „პოლიტიკის“ ახალ პრიორიტეტებთან. ეს უნდა იყოს მიღწეული შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში“, – ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც „პოლიტიკოსთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირს მსოფლიოს მასშტაბით 145 დელეგაცია ჰყავს. ევროკომისია აპირებს, ფოკუსირება მოახდინოს იმ ქვეყნებზე, სადაც უმთავრესი ევროკავშირის ინტერესებია.