ირაკლი კობახიძე: რეაბილიტირდა 836 საბავშვო-ბაღი და უკვე დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა 174 ახალი სკოლა და რეაბილიტირდა 1 000-ზე მეტი
რეაბილიტირდა 836 საბავშვო-ბაღი და უკვე დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა 174 ახალი სკოლა და რეაბილიტირდა 1 000-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება და მომდევნო წლებშიც განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ზრუნვის საგანი.
„განათლება, ბუნებრივია, იქნება ჩვენი ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანი. ზოგადად, გასული წლების განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უფასო საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით.
ასევე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის პროგრამა. ყველა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა.
საბავშვო ბაღების მიმართულებით, განხორციელდა 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. დამეთანხმებით, რომ არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. საუბარია მშენებლობაზე, რეაბილიტაციაზე და ჩვენ უკვე დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც აუცილებლად წარმატებით განხორციელდება.
აშენდა 174 ახალი სკოლა, რეაბილიტაცია განხორციელდა 1 000-ზე მეტი სკოლის შემთხვევაში. ამჟამად, მიმდინარეობს 96 სკოლის მშენებლობა, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და ამ წლების განმავლობაში, მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნება 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.