ირაკლი კობახიძე: ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს

ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის და მისი წარმატების გარანტის მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები.

„ის არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, რაც მან დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი საქმიანობით სხვადასხვა სფეროში. ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. მას თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით. ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა. მე ვფიქრობ, რომ ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები. მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. შეიძლება პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი. ამ კუთხით რადიკალურად შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს მიხეილ ყაველაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები და ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები