“ევროკავშირმა კარგად უნდა გაიაზროს, როგორ გეოსტრატეგიულ ვითარებაში იმყოფება საქართველო; აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები”  – ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი

“ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშეა; მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ევროკავშირში მის გაწევრიანებას უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირი ნიშნავს მშვიდობას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, ეკონომიკურ და სოციალურ დემოკრატიას.

“ევროკავშირმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, თუ როგორ გეოსტრატეგიულ ვითარებაში იმყოფება საქართველო. აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ევროკავშირის პასუხისმგებლობა სწორედ ამ თვალსაზრისით იკვეთება ყველაზე მკაფიოდ.

ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. ამავე დროს მან უნდა შესთავაზოს საქართველოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მსურველია ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება და საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზოს სწორი პასუხები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საქართველოს წინაშე“, – განაცხადა ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები