ქართველი კინოკლასიკოსის, მერაბ კოკოჩაშვილის, ფილმის – „ტერცო მონდოს“ პრემიერა გაიმართა

კინოთეატრში „ამირანი” დიდი ქართველი რეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის, „ტერცო მონდოს” პრემიერა გაიმართა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის” მხარდაჭერით.

პრემიერას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ფილმი, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო, მისი ტრილოგიის ბოლო  ნაწილია. რეჟისორია ფილმის სცენარის ავტორიც.
„ტერცო მონდო” ასახავს ადამიანების დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 30 წელზე მეტი ხნის წინ მოიპოვა და ადამიანური და სულიერი ღირებულებები უნდა მეტად წარმოჩნდეს, თავს კვლავ შუღლი და დაპირისპირება იჩენს.
ფილმის ლაიტმოტივია მთავარი გმირების ბოლო ფრაზა: „ჩვენ კვლავ დავკარგეთ ერთმანეთი. ან ეგებ ვიპოვეთ?”
ფილმი სამ სხვადასხვა ეპოქასა და ადამიანურ ურთიერთობებს ეხება.

„უნიჭიერესი ადამიანები ზოგჯერ შურის ან სხვა მიზეზის გამო შეიძლება მოულოდნელად უზნეოდ მოიქცნენ, თუმცა, მერე ეს ყველაფერი ინანონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სინანული არის ადამიანის განმწმენდი. აი, ამაზეა ჩვენი ფილმი,” – ამბობდა ფილმის გადაღების წინ მერაბ კოკოჩაშვილი.

ფილმის კომპოზიტორები არიან საგუნდო მუსიკის დიდოსტატი იოსებ კეჭაყმაძე და, ასევე, მანანა ხუნდაძე-ლემანი; პროდიუსერია ხათუნა ხუნდაძე; დამდგმელი ოპერატორები არიან დავით გუჯაბიძე და გიორგი ხარებავა, დამდგმელი მხატვრები – კოტე ჯაფარიძე და ხათუნა ხუნდაძე, კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან კალანდაძე.

ფილმში მონაწილეობენ ძველი და ახალი თაობის ცნობილი მსახიობები. მთავარ როლებს ასრულებენ: ლევან (ჭოლა) წულაძე, დემეტრე (დუტა) სხირტლაძე, ქეთა შათირიშვილი; ასევე: ლილე ლემანი, ანდრია თოხაძე, გივი ხახიძე, გრიგოლ ჟორდანია, გური ფოჩხუა, ანა ინგოროყვა.

ინფორმაციისთვის: რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ტრილოგია მოიცავს სამ ფილმს, ესენია: „ცხელი ზაფხულის სამი დღე”, „ნუცას სკოლა” და „ტერცო მონდო”, რომლებიც ეხება თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებსა და იმ საზოგადოებას, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება.
სამივე ფილმი კინოსტუდია „ქართული ფილმის” ნაწარმოებია.

1981 გადაღებული ფილმი „ცხელი ზაფხულის სამი დღე” მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდის ქართველ არქეოლოგზე, რომელმაც ქვეყნის დიდებული წარსულის დამადასტურებელი არტეფაქტები იპოვა, თუმცა მას ამის გამჟღავნების უფლებას სისტემა არ აძლევს და მეცნიერი იძულებულია, თავის აღმოჩენას მიწა მიაყაროს, ასეთ უსამართლობას კი  მისი გული ვერ უძლებს და იგი იღუპება.

2000 წელს გადაღებულ ფილმში „ნუცას სკოლა” უკვე დამოუკიდებელ საქართველოს ვხედავთ. მთავარი გმირი ნიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინაპართა სამემკვიდრო მამულს იბრუნებს და იქ თავისი ქალიშვილის მსგავსი უნარშეზღუდული ბავშვებისთვის სკოლას ხსნის, თუმცა სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებულ წამოწყებას ბევრი მოწინააღმდეგე უჩნდება და გმირს მარტოს უწევს დაუნდობელ, სასტიკ საზოგადოებასთან დაპირისპირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები