ადვოკატი: ვარლამ გოლეთიანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით, ვარლამ გოლეთიანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს.

ადვოკატის თქმით, გოლეთიანი უკანონოდაა დაკავებული.

„პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ველოდებით, რომ დაიწყება, თუმცა, როდის, არ ვიცით. არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას. გუშინ ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მას არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, ის უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაკავებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს გუშინ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საკითხს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, ტყუილია, რომ რაჭაში ტყე გაიყიდა და არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად. მათივე ინფორმაციით,  ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები