“პროკურატურის დასკვნა ადასტურებს, რომ ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს არჩევნების გაყალბების შესახებ და ვერც ექნებოდა” – ვახტანგ ჩოჩია
“პროკურატურის დასკვნა ადასტურებს, რომ ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს არჩევნების გაყალბების შესახებ და ვერც ექნებოდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.
ჩოჩია საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად მომზადებულ შუალედურ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც არჩევნებზე ვერიფიკაციის აპარატების მუშაობას უკავშირდება.
“გამოძიების შედეგად, შუალედური ანგარიშის წარდგენის დროს, არჩევნების გაყალბების არანაირი ფაქტი არ დადასტურებულა. ის ბრალდებები, რომლებიც წარდგენილი იყო პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, გააქარწყლა საგამოძიებო ექსპერიმენტმა, რომელიც ჩაატარა პროკურატურამ, რომლის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ხმის ელექტრონული მთვლელები, რომლითაც დათვლილი იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, ფიზიკურად ერთი და იგივე პირადობის გატარების შემთხვევაში არ მიიღებდა ამა თუ იმ ამომრჩევლის ხმას”, – აცხადებს ჩოჩია.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატით ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეუძლებელია.