შალვა ოგბაიძე: პროკურატურამ დღეს ბრიფინგი ჩაატარა, 800-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა, ადამიანია დაკითხული და ვერცერთი წონადი არგუმენტი ვერ დადეს, რომ არჩევნები გაყალბდა
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ადრე თუ გვიან, ევროკავშირის წევრიც გავხდებით და სხვა სიკეთეებიც გვექნება, თუმცა ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უკეთესად ვიცხოვროთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მთავარი გულდასაწყვეტი ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ სავალი გზები არ უნდა დავკარგოთ და ერთმანეთისკენ სავალი ხიდები არ უნდა დავწვათ. როგორ წარმოგიდგენიათ, მე რუსთაველზე ვდგავარ, თქვენ, გაგიწყრათ ღმერთი და „ოცნების“ მხარდამჭერი ბრძანდებით და სიმღერით გაგინებთ. ამის შემდეგ მწყაზარი სახით ჩვენ უნდა დავსხდეთ სადღაც ერთ სივრცეში, ერთ მაგიდასთან, ერთ ეკლესიაში, თეატრში, თუ სადაც გნებავთ და ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უნდა მლანძღოთ და მაბულინგოთ, თუ ეს დემოკრატიაა და ახალი სტანდარტია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ვინც მაგრად შეაგინებს მეორე მხარეს, ეს არის მაგარი არგუმენტი?“, – განაცხადა ოგბაიძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იყო გარედან თავსმოხვეული მოვლენა და მას იმედს აძლევს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც საბოლოოდ მისცემს შეფასებას რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობას.
„მე ველოდები ამ კომისიის მუშაობის და იმედი მაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მაშინდელმა დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია ბევრი რამ და ამ ყველაფერს დაუმატეთ საერთაშორისო უსახლკაროები, საერთაშორისო უსამშობლოების და „ბომჟების“, ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც ძალიან უხვად ფინანსდებიან სხვადასხვა ფონდების მიერ და აქეზებენ. რა უნდა დავარქვა როთის ჩამოსვლას აქ? ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, რა უნდა როთს აქ? ხვედელიძის არ იყოს, დაცვას მიხედეო, მიხედოს თავის ქვეყანას, ჩვენ საქმეში რატომ ერევა? ამას თქვენ და ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ ჰყავს. ვიღაც იტყვის, როგორ გადაწყვეტს, როცა ყალბდებაო. დღეს პროკურატურამ ბრიფინგი ჩაატარა, რომ 800-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა, ადამიანია დაკითხული, გასაუბრებული და ყველა ამბობს – მითხრეს, ამბობენ, ისედაც ცნობილიაო. ვერცერთი წონადი არგუმენტი ვერ დადეს იმის, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ოგბაიძემ.