კირცხალია – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ
“ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრას გამოეხმაურა.
„ნებისმიერი ობიექტურად დაინტერესებული პირი, ეს იქნებიან დამკვირვებლები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც ვიზიტით ესტუმრება ჩვენს ქვეყანას, ობიექტურად, სამართლიანად, ფაქტებზე დაყრდნობით შეისწავლის მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ ვითარებას, ანგარიშში თუ პოლიტიკურ განცხადებებში ობიექტურად და სამართლიანად ასახვა იქნება, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით. კითხვები და თემები შეეხებოდა დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, არჩევნებს, აქციების თემას, ოპოზიციის ქმედებებს, რომლებსაც ვხედავთ დღეს და რომლებსაც ვხედავდით 2020 წელს რეალურად. ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ“, – განაცხადა კირცხალიამ.