საელჩოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
საელჩოს ცნობით, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა.
„საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც, ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.