გიორგი ვაშაძე მეორე პასპორტის მოქმედების ვადის შეზღუდვას “მავნებლობად” აფასებს

  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მიიჩნევს, რომ მეორე პასპორტის მოქმედების ვადის შეზღუდვა “მავნებლობაა” და აცხადებს, რომ აღნიშნული საქართველოს მოქალაქეებს პრობლემებს შეუქმნის.
“ხელისუფლება კონტრრეფორმებს აგრძელებს. თითქოსდა ევროპელების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდა მეორე პასპორტის მოქმედების ვადა, რაც დიდ პრობლემას შეუქმნის საქართველოს მოქალაქეებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ვიზის აღება არც ისე მარტივი პროცედურაა, მით უმეტეს, რომ ბევრი სახელმწიფოს საკონსულო წარმომადგენლობა საერთოდ არ არის საქართველოში. შესაბამისად, მოქალქეებს უწევთ დოკუმენტების გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთ და საკმაოდ დიდ ხანს ლოდინი იმისთვის, რომ მიიღონ დოკუმენტი; ასევე, არსებობს შემთხვევები, რომ თუ ერთი სახელმწიფოს ვიზა გაქვს პასპორტში, შეიძლება მეორე სახელმწიფოში იგივე პასპორტით არ შეგიშვან, მაგალითად ირანის ვიზიანი პასპორტით ისრაელის საზღვარს ვერასდროს გადაკვეთავთ და პირიქით. ასევე, პასპორტით, რომელშიც გაქვთ სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შტამპი, შეიძლება აზერბაიჯანში საერთოდ ვერ აღმოჩნდეთ ან უზარმაზარ პრობლემებს წააწყდეთ; ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა სამი, ხუთი და ათწლიანი ვიზები (ევროკავშირი, ბრიტანეთი, აშშ), რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის ბევრ შესაძლებლობას აჩენდა. ერთწლიანი პასპორტით კი დიდი რისკია გრძელვადიანი ვიზის საერთოდ ვერ მიიღების”, – აცხადებს ვაშაძე.
მისივე განმარტებით, ქვეყნების უმრავლესობა არ გასცემს ვიზას პასპორტში, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვამდეც დარჩენილია ექვს თვეზე ნაკლები.
“ერთ წლიანი პასპორტის გაცემიდან ექვს თვეში პასპორტს მხოლოდ უვიზო მიმოსვლისთვის თუ გამოიყენებთ; მავნებლური რეგულაცია ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებაში, სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევარებს საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობაში. დაბოლოს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიგრაციის საკითხებზე არა ერთ მოლაპარაკებებში მიმიღია მონაწილეობა და ბევრსაც მივაღწიეთ, მაგალითად: სავიზო რეჟიმის გამარტივება, გრძელვადიანი ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკების დაწყება (ის, რომ 2016 წლიდან უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირთან, ეს სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რაც საქართველოში გატარდა 2007-2012 წლიბში). მოთხოვნები და მოსაზრებები ბევრი მსმენია სხვადასხვა ევროპელი ექსპერტებისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში გაიცემოდა არა მხოლოდ ორი, არამედ რამდენიმე პასპორტი ერთ მოქალაქეზე – მით უმეტეს, რომ მსგავსი პრაქტიკა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც”, – აცხადებს ვაშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები