რა სჭირდებათ რუს ინვესტორებს ოკუპირებულ აფხაზეთში – დუმის დეპუტატის განმარტება
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სვეტლანა ჟუროვას თქმით, რუს ინვესტორებს ოკუპირებულ აფხაზეთში დაცვის გარანტიები სჭირდებათ.
როგორც მან რადიო “სპუტნიკთან” საუბარში თქვა, რისკების მინიმიზაციისთვის აუცილებელია “სახელმწიფოთაშორის დონეზე დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება”.
„რამდენადაც მე მესმის, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და აფხაზეთის პარლამენტში არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი მხოლოდ შიგნით უნდა დარჩეს, მხოლოდ საკუთარ რესურსებს დაეყრდნო და არ შემოუშვა ინვესტორები. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს აქ ზეწოლის მოხდენა არ შეუძლია და ჩვენ ველოდებით, როდის იქნება მიღწეული პოლიტიკური კონსენსუსი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ინვესტორებს თავიანთი ინვესტიციების დასაცავად მეტი გარანტია ექნებათ“, – განაცხადა ჟუროვამ.
მისი თქმით, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპაშიც კი, სადაც ინვესტორების უფლებების დაცვის მეტი გარანტია იყო, ბევრმა რუსმა ბიზნესი დაკარგა.
„ხედავთ, აქაც არის ნიუანსები. რუსეთის გაუქმება სურთ და ხალხი კარგავს ფულს. როდესაც აპრიორი არის რისკები, ხალხს ეშინია. ამიტომ, ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზურ მხარესთან, რომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეხების წერტილების გამონახვა, შესაძლოა რაიმე სახის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სახელმწიფოთაშორის დონეზე ინვესტიციების დაცვის შესახებ”, – თქვა მან.
რუსი დეპუტატის თქმით, ინვესტიციების გარეშე “რესპუბლიკას უჭირს დანგრეული ინფრასტრუქტურის დამოუკიდებლად აღდგენა და ახალი, სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების აშენება”.