ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ჯამში 7 კმ-ზე (კმ13-კმ17 და კმ24-კმ25) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პირველი მონაკვეთი სოფ. ახალდაბის ტერიტორიიდან იწყება და სოფ. კორტანეთთან სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთი სოფ. რველის მახლობლად იწყება და გრძელდება ქ. ბორჯომში დავით აღმაშენებლის ქუჩის #40 -ამდე.

რეაბილიტაციის პროექტი, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, 1 ხიდის რეაბილიტაციას, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციას და ახლების მოწყობას, დახურული სანიაღვრე ქსელის მოწყობას, არსებული ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთებას და გაბიონის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთებების და ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ბორდიურების და ტროტუარების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და მგზავრების მოსაცდელების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზა, სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან. ამ გზით, სატრანზიტო ტვირთბრუნვა ხორციელდება და მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9.7 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის გაზაფხულზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები