არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, ევროპა და ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს
“იმედი მაქვს, რომ ევროპა და ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ვინაიდან, ობიექტურად, საქართველო ყველა კრიტერიუმით ამას იმსახურებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი აქვს.
“ყველა, ჩვენს თანამოქალაქეს და თანამემამულეებს საზღვარგარეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, როდესაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, ასევე, ყველა მოქალაქე ერთიანდება საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. ჩვენი წინაპრებიც აკეთებდნენ და ჩვენც ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს და ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს დაცული ისე, როგორც ევროპაში. ამისათვის ჩვენ ძალიან ბევრი ფუნდამენტური რეფორმა გავატარეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ ევროპულ რეფორმებში. იმედი მაქვს, რომ ევროპა და ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ვინაიდან, ობიექტურად, საქართველო ყველა კრიტერიუმით ამას იმსახურებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.