სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ომი არ იქნება და რომ რესპუბლიკა თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზე მიიწევს.
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება და ჩვენ ამ გზას გავყვებით. ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად“, – განაცხადა ფაშინიანმა 9 მაისისადმი მიძღვნილ მიმართვაში.
მისი თქმით, ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება.
მან აღნიშნა, რომ სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა.
„ეს სულაც არ არის მარტივი გზა, მაგრამ ღირს მისი გავლა და მის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა, რწმენა, წინდახედულობა და თანმიმდევრულობა. ამ გზის გასავლელად, ჩვენ გვჭირდება გამბედაობა, პატიოსნება და სრული თვითშემეცნება, საკუთარი ისტორიის შესწავლის უნარი, იმ შეტყობინებების წაკითხვისა და გაგების უნარი, რომლებსაც ჩვენი ისტორია გვიგზავნის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.