რომან კაკულია: რა არის ჩვენსა და ევროპას შორის ურთიერთობა – ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული დისტანცირება
„ მომეწონა დღეს პრემიერის ნათქვამი, რომ ერთ-ერთ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებითო. ეს სწორი დიპლომატიური სვლაა. კარგი იქნება, თუ „შეიარაღებაში“ აიღებენ ჩვენი დიპლომატები, რადგან ბევრ შემთხვევაში შეიძლება, მოგვიწიოს ჩვენ, ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სწორი გადაწყვეტილება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩენა,”- ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „დღის ქრონიკაში“, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი უკრაინისა და რუსეთის თემა უფრო მეტად გაირკვევა, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ჩვენც უფრო მეტად ჩამოვყალიბდებით.
„ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული დისტანცირება. ამ ობიექტური მიზეზების აღიარება ევროპას დღეს არ შეუძლია. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამას, მაგრამ დღეს არის ნარატივების მსოფლიო. ძალიან ბევრი რამე ხდება იმის გამო, რომ ადამიანები, პოლიტიკოსები, მათ მიერ დეკლარირებული ნარატივების ტყვეობაში არიან. ეს ობიექტური მიზეზები სანამ თავის თავს ბოლომდე არ გამოავლენს, როგორც უალტერნატივო მოცემულობას, მანამდე ეს ადვილად ვერ დარეგულირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და საქართველოში იქნება ევროკავშირის ისეთი ელჩი, რომელსაც თუ ასეთ შეკითხვას დაუსვამენ, რატომ არ მიიწვიეს [ხელისუფლება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე], იტყვის, რომ ეს იყო ძალიან არადიპლომატიური და წინდახედულობის გარეშე გადადგმული ნაბიჯი ამ ელჩის მიერ და ამ შემფასებელ ელჩსაც ვნახავთ ევროკავშირიდან ჩვენ აუცილებლად”, – აღნიშნა რომან კაკულიამ.