არჩილ თალაკვაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული
„ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო, როდესაც ეს მომენტი დადგებოდა, მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები როგორც დემოკრატიის, ასევე, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, სწორედ იმისათვის, რომ საქართველო, როდესაც ეს მომენტი დადგებოდა, მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით იქნება სამართლიანი გადაწყვეტილებები მიღებული და სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ის სამუშაო, რისკები და საფრთხეები, რომელიც ამ წუთას ამ ქვეყნების წინაშე არსებობს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და პასუხებს ევროკომისიას დღეს დაუბრუნებს.