ამირან გამყრელიძე, აუცრელობის შემთხვევაში, რთულ ნოემბერს პროგნოზირებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აუცრელობის შემთხვევაში, რთულ ნოემბერს პროგნოზირებს.
„ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა. ამას შეიძლება, ბევრის მიზეზი ჰქონდეს. ამიტომ, ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, ოქტომბრის ბოლოს განსაკუთრებით გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინინგი იცით, რა არის, დატყუპება. ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა და „კოვიდის“, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.