ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და თუ დადასტურდება, რომ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართული იყო, მათი პასუხისმგებლობა დამძიმდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულ პირს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და თუ დადასტურდება, რომ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დამძიმდება.
„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. სამი თვის გამავლობაში მოხერხდა ის, რომ წინასაარჩევნო ვითარება იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი, თუმცა, ასეთი მძიმე გამონაკლისი, ინციდენტი მივიღეთ, რაც სამწუხაროა. აქ ერთი დამატებითი ფაქტი გამოიკვეთა – იმ ადამიანს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ კონკრეტულ ქმედებაში, აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ჩვენ ვიცით. თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება იმ პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული – პირი არის დაკავებული. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დმანისში, სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი.