‘მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა მიზნად ისახავს, ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციასთან დაკავშირებით’, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს.
„მოხარული ვარ, ვისაუბრო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პროექტი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს:
პირველი – ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.
მეორე – დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცებისა და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში და მესამე – ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა.
ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გვერდით დაუდგა მთავრობას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დაცვაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით და ასევე, პარალელურად, დავეხმარეთ COVID-19-თან ბრძოლისათვის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში. ჩვენ ხელი შევუწყვეთ მილიონობით PCR-ტესტის, ჟანგბადის აპარატისა და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შეძენას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, ჩემი აზრით, წარმატებით განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე ძალზე საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოვყავით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად.
დაბოლოს, ჩვენ უშუალო დახმარება გავუწიეთ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სოციალური დაცვისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით.
დასასრულ, მსურს, მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ თავისი როლი შეასრულონ და გაიკეთონ აცრა. დიახ, ვიცი, რომ არსებობს წუხილები. ვიცი, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი, რაც წამიკითხავს და შემისწავლია, მიუთითებს, რომ ვაქცინები არის უსაფრთხო, უვნებელი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, აღადგინოს ეკონომიკა და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს სიღარიბის დაძლევაში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.