ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე სროლა განახლდა – სოციალურ ქსელში ტანკების გადაადგილების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვართან, ლეილეკის რაიონში ორმხრივი სროლა განახლდა.

ყირგიზეთის მედიის ინფორმაციით, სროლა უკვე ერთი საათია, რაც მიმდინარეობს.

ამასთანავე, ტაჯიკეთში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ტანკების გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები. აღნიშნულია, რომ ვიდეორგოლი ყირგიზეთის საზღვართან, ისფარშია გადაღებული.

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება 29 აპრილს, გამთენიისას გამწვავდა. მანამდე, ერთი დღით ადრე ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. დაპირისპირება მხარეებს შორის ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ღამით კი კონფლიქტი გამწვავდა და ტაჯიკეთის მოსახლეობის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ოთხი ყირგიზელი დაიჭრა. ყირგიზეთმა ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.

ტაჯიკური მხარე კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

ტაჯიკეთში განაცხადეს, რომ, 29 აპრილის საღამოს მდგომარეობით, 3 დაღუპული და 31 დაშავებული ჰყავთ.

დღეს ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტაკების დროს 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 134 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები