აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახალი მარსმავალი – Perseverance გაუშვა, რომელიც მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვა, რომლის სიღრმე 500 მეტრი, ხოლო დიამეტრი 45 კილომეტრია. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ იქ ტბა და მდინარის დელტა იყო.
მარსზე დაშვება საკმაოდ რთული ამოცანა იყო. მთვარისგან განსხვავებით, ის ატმოსფეროს ფლობს, რაც დაშვებას ართულებს, ამგვარი მისიების მხოლოდ 40% მთავრდება წარმატებით.
დაშვებამდე “პერსევანსმა” “საშინელების შვიდი წუთი” გადაიტანა – ეს დრო მას ადგილზე დაშვებისთვის დასჭირდა. ამ პროცესს პირდაპირი ეთერის მეშვეობით თვალს მსოფლიო ადევნებდა. ოპერაციის წარმატებით დასრულება კი NASA-ში აპლოდისმენტებით აღნიშნეს.
Perseverance მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს და პლანეტის გეოლოგიურ მახასიათებლებს შეისწავლის. 2031 წლისთვის NASA როვერის მიერ შეგროვებული ყველა ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანასაც გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.
მარსმავალს კვლევაში კორპუსში მოთავსებული ვერტმფრენიც დაეხმარება, რომელიც წითელ პლანეტაზე 5 სატესტო ფრენას განახორციელებს. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კი იმ ტექნოლოგიების გამოცდაა, რომლებმაც მარსის ეკიპაჟიანი მისიის მონაწილეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
როვერმა წითელი პლანეტისკენ, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში იფრინა. კორონავირუსის პანდემიის გამო, მისიის გადადების საფრთხე არსებობდა, თუმცა, სპეციალისტებმა მარსმავალის გაშვების თარიღი არ შეცვალეს. 17 ივლისიდან სამი კვირის განმავლობაში დედამიწისა და წითელი პლანეტის ურთიერთმდებარეობა როვერის გასაშვებად ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო. მსგავსი რამ ყოველ 26 თვეში ერთხელ მეორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, ამ შესაძლებლობის არგამოყენების შემთხვევაში, NАSA-ს პროექტის ორ წელზე მეტი დროით გადადება მოუწევდა.
“პერსევერანსი” მესამე კოსმოსური აპარატი გახდა, რომელიც მარსზე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დაეშვა. მანამდე ორბიტაზე გაუშვეს რობოტები ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. სამივე მისიამ დედამიწა 2020 წლის ივლისში დატოვა.