„ეს იყო ერთ-ერთი წვეთი ტყუილების ზღვაში” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე ოზურგეთში საკვები პროდუქტის დარიგებასთან დაკავშირებით
„რადგან ბავშვები ბაღში ვერ დადიან, მათ საკვები პროდუქტი ურიგდებათ. ოპოზიციამ კი მოიფიქრა, რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი წვეთი ტყუილების ზღვაში.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ და ზეგ შეეცდებიან, რაღაც ახალი სკანდალები ააგორონ, და სავარაუდოდ, არ გამოუვათ იმიტომ, რომ მათ იმდენი ტყუილი ილაპარაკეს, მართალიც რომ თქვან პირობითად, საზოგადოება ამასაც არ დაუჯერებს, მით უფრო ტყუილს. ესეც იყო ერთ-ერთი წვეთი ამ ტყუილების ზღვაში. იმ საკვებთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვებს ურიგდებათ, იმიტომ რომ ისინი ბაღში ვერ დადიან, მათ მოიფიქრეს რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმიათ. ეს იყო ერთ-ერთი წვეთი სიბინძურის ზღვაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუკი რაიმე თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს გაყალბებისა და ტყუილის გავრცელებისთვის, კონკრეტული მოკითხვის დონეზე მაინც, ოპოზიციას ღონისძიებები აქვთ გატარებული.
„იქნებ რაღაც ისეთი გაავრცელონ, რითაც საზოგადოება გაბრაზდება. მთელი ეს პერიოდი ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე კი არ არის, არამედ მთლიანად, გადასულია ტყუილების გავრცელებაზე და ეს ნიაღვარი მომძლავრდა მათი ტელევიზიებიდან და იმ სისტემიდან, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს”, – განაცხადა ვიცესპიკერმა.