მამუკა მდინარაძე: სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის
„ჩვენ დღეს ძალიან ხელშესახები მონაცემები მოგვცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც არის ეკონომიკური პოლიტიკის და შესაბამისი ციფრების მსაზღვრელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, საერთაშორისო სავალურო ფონდის პროგნოზებს ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა ეყრდნობა.
„ის არის როგორც ამ პროგნოზის განმსაზღვრელი, ასევე შემფასებელი. ჩვენ გვითხრეს, რომ იმდენად სწორად იყო რეფორმები ეკონომიკურ პოლიტიკაში, იმდენად სწორად იყო დალაგებული როგორც ფისკალური პოლიტიკა, ასევე მაკროეკონომიკური პარამეტრები ყველა დეტალთან მიმართებაში, რომ ჩვენ გავუძელით პანდემიის ამ დარტყმას, ეკონომიკის უკუეფექტს და მხოლოდ 5%-იანი რეცესია გვაქვს. სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ 5%-ის პლუსში გასვლა 2021 წლისთვის სავსებით შესაძლებელია და შემდეგ კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 5, 5% არის ეკონომიკური ზრდის მინიმალური მაჩვენებელი. სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.