კლარა რამიშვილი – ადამიანი ეროვნული ბიბლიოთეკისადმი შეუფასებელი ამაგით

სურათზე ცენტრში რუსუდან ნიკოლაძე თავის 80 წლის იუბილეზე. მარცხნივ კლარა რამიშვილი, მარჯვნივ თამარ მაჭავარიანი.

თუ ვინმეს ჰქონია შეხება ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებასთან წინა საუკუნის 50 -იანი წლებიდან, მას შეუძლებელია, არ დამახსოვრებოდა მშვენიერი, სიმპათიური ქალბატონი – კლარა რამიშვილი. რეალურად, ის იყო თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ბიბლიოთეკის სამეცნიერო მუშაობის ე.წ. ფორვარდი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის ლეგენდარული თამარ მაჭავარიანის არჩეული და გამობრძმედილი პირი იყო. თამარ მაჭავარიანმა და თამარ დონდუამ დანიშნეს ის თავის უფროსად. ქალბატონმა კლარამ შეძლო მათი ოცნების ასრულება. მხარეთმცოდნეობის განყოფილება გარდაქმნა ქართველოლოგიის განყოფილებად. ახლა, როცა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს განყოფილების რეორგანიზაცია, მაშინ, საბჭოთა დროს ბიბლიოთეკაში ისეთი განყოფილების ორგანიზაცია, რომლის დასახელების ანალოგიური განყოფილება რუსეთის საჯარო ბიბლიოთეკებში არ იყო, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. მხარეთმცოდნეობის განყოფილების არსებობა საჯარო ბიბლიოთეკებში შეიძლებოდა, რადგან საქართველო მხარე იყო, აი, კავკასიოლოგიის კვლევის სტრუქტურული ერთეულის არსებობა კი დაუშვებელი იყო. ამიტომაც, 1936 წელს დაარსებული კავკასიოლოგიური კაბინეტი გარდაქმნეს 1937 წელს მხარეთმცოდნეობის განყოფილებად და მორჩა. 1953 წელს ქალბატონი კლარა რომ მივიდა მაშინდელ საჯარო ბიბლიოთეკაში, მასში თამარ მაჭავარიანმა დაინახა ის ძალა, რომელიც გახდა  საფუძველი, ეს პატარა გოგონა დაეყენებინათ  თავიანთი საკრალური განყოფილების ხელმძღვანლად. ქალბატონ კლარას ჰქონდა ალღო, სიდინჯე, ნებისყოფა, სტრატეგია და ამ თვისებებმა 4-კაციანი განყოფილება აქცია 20-კაციან ბიბლიოგრაფიულ ცენტრად. ბოლოს სახელიც შეუცვალა და ამას არ დასჯერდა: ახალი ნატვრა: ილია ჭავჭავაძის მემორიალური კაბინეტი. შემდეგ მიმდინარე პერიოდიკის აღწერის ჯგუფი. ერთი სიტყვით: ბიბლიოთეკის შიგნით უზარმაზარი კვლევითი ცენტრი. ეს მაშინ, როცა ეს ფუნქცია, წესით, წიგნის პალატას უნდა ეკისრა. იმდენი ქნა, რომ წიგნის პალატასაც აღიარებინა: რეტროსპექტიული ბიბლიოგრაფიის წარმოება საჯარო ბიბლიოთეკის საქმე გახდა. მერე მიმდინარეს მიადგა. ამას აკეთებდა ისე, რომ ვერ ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდა – ნიკოლოზ აკერმანი, არადა, ეს კაცი დირექტორის მეუღლე იყო და საცნობო-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებას ხელმძღვანლობდა. ქალბატონ კლარას არ აინტერესებდა ორდენები. ჩუმად, აუღელვებლად აფართოებდა განყოფილების პროფილს.

ახლა კადრები: ვინც საუკეთესო მოდიოდა ბიბლიოთეკაში, სამი ამომრჩეველი იყო აქ: ნიკოლოზ აკერმანი, მერი მელაძე და კლარა რამიშვილი. მათგან არჩევაში მერი მელაძე პირველი იყო (არჩევის კრიტერიუმი: ენების ცოდნა, ინტელექტი, სხედოგრაფებისათვის ლამაზი კალიგრაფია, მუშა ფუტკარი), ნიკოლოზ აკერმანი (სილამაზე, ინტელექტი) მეორე და შემდეგ კლარა რამიშვილი (მაჭავარიანის სიცოცხლეში ქალბატონი თამარი წყვეტდა, შემდგომ კი ქალბატონი კლარას ბუნებრივად გამომუშავებული ხედვა, გუნდური მუშაობა, მკითხველთან ურთიერთობა). მისი პერიოდიკის ბარათული კატალოგები საუკეთესო იყო. ხშირად მატიანეებში (წიგნის პალატის საცნობარო ბიულეტენები) ვერ ნახავდი იმას, რასაც ქართველოლოგიაში. მაგალითად: კონსტანტინე გამსახურდიამ დაუწუნა ილია ჭავჭავაძეს გლახის ნაამბობის დასაწყისი. ამაზე ერთი ამბავი ატყდა. მაშინდელმა ცნობილმა პედაგოგმა მეთოდე კაკაბაძემ მიწაში ჩადო ლამის კონსტანტინე. ეს წერილები წიგნის პალატამ არ აღწერა. დაინდეს კლასიკოსი. კლარა რამიშვილის კატალოგში კი იყო. ერთიც მინდა გავიხსენო: ალექსანდრე კარტოზიას დირექტორობის დროს ჩეჩნეთიდან იყო დელეგაცია, საქართველოს უნდა გადაეცა ჩეჩნეთისათვის ჭარბი ეგზემპლარები კავკასიოლოგიური ლიტერატურა, მათ შორის რევოლუციამდელი გამოცემები. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ იყო დაყენებული. საქართველო ეხმარებოდა ჩეჩნეთს ომის ჭრილობების მოშუშებაში. ქალბატონ კლარას დაევალა ბიბლიოგრაფიის შედგენა ჭარბი ცალებისა. საღამოს დამიძახა და მითხრა: ამ ჭარბ ცალებში წერა-კითხვის ბიბლიოთეკის ცალები არ გაყვესო. იქ არ აღმოჩნდა ეს ცალები, მაგრამ მე გული დამწყდა: ჩვენი ბიბლიოთეკის ყოველ ცალს თავისი ისტორია აქვს. ცრემლი მოადგა, მე რომ ვბურტყუნებდი უკმაყოფილო. დაიცა, აქ დარჩი, ავალ დირექტორთანო. არ ვიცი, რა უთხრა დირექტორს, ბატონმა ალეკომ დამიძახა და მითხრა: ამ წიგნებს მაღაზიებში თუ ვიშოვითო, ამოიღო ჯიბიდან ათასი ლარი(საკუთარი ფული) და გადმომცა: ორ დღეში უნდა ვიშოვოთო. ქალბატონი კლარა და მე მაღაზიის დახლებზე ვეძებდით სხვადასხვა გამოცემას. ბიბლიოთეკის ფონდებიდან ერთი წიგნიც არ გარიცხულა. მე და ქალბატონი კლარაც დავმეგობრდით. მე არ მახსოვს მასთან ისეთი საუბარი, რაღაც რომ არ გესწავლა. არც ვინმეზე ცუდი რომ ეთქვას. მისი მეუღლე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემაში ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. მისი რძალი, ცხონებული ნუნუ პირველი, ქართველოლოგიის განყოფილების უკეთილშობილესი თანამშრომელი. პენსიაში გასვლის დღეს ქალბატონ კლარას სუფრა მოუწყეს. მეც იქ ვიყავი. სუფრაზე ქალბატონმა კლარამ მადლობა გადაიხადა და ამოიღო ჩანთიდან ოქროს საათი. ეს საათი თამარ მაჭავარიანმა მაჩუქა პენსიაზე რომ მიდიოდა, მას რუსუდან ნიკოლაძემ და მე მინდა, ჩემს მომდევნო გამგეს ვაჩუქოო. ქალბატონმა ჟანამ კი ეს საათი იმავე დღეს იშვიათ გამოცემათა განყოფილებას გადასცა და დღეს წიგნის მუზეუმის სეიფში ინახება.

პენსიაზე რას გააჩერებდი ქალბატონ კლარას. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მიიწვიეს. დიდი ამაგი აქვს მას ეროვნული ბიბლიოთეკისადმი. დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო. ქალბატონი კლარას დაკრძალვაც ამის მაგალითია. მისი გარდაცვალება მისი დაკრძალვის შემდეგ გავიგე. პანდემიის შიშით არ გაგვაგებინეს. ის სულ განიცდიდა, მისი მასწავლებლისა და წინამორბედი ხელმძღვანლის- ამბროსი ხელაიას შვილიშვილის – ქალბატონ თამარ დონდუას დაკრძალვას ვერ დაესწრო ბიბლიოთეკაო. რას მოიფიქრებდა, რომ მის დაკრძალვაზეც იგივე მოხდებოდა?


წყარო: Levan Taktakishvili

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები