“ორსულთან ველოსიპედითაც წავსულვარ” – მედდა და ფერმერი სამეგრელოდან

60 წლის მედდა, მარინა მიქაძე სამედიცინო სფეროსა და ფერმერობას, როგორც თავად ამბობს, შრომის სიყვარულით, წლებია ერთმანეთს უთავსებს. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში მცხოვრები მედდა, 40 წელზე მეტია ხალხს ემსახურება, ყავს მეუღლე 4 შვილი და 8 შვილიშვილი.
მედიკოსის სამუშაო დღე მართალია დილის 10 საათზე იწყება, თუმცა როგორც ფერმერი იგი დილის 06:00 საათზე დგება და მეუღლეს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარება.
„გვაქვს, ორი სათბური სადაც მოგვყავს კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ნერგებს ვყიდით. ასევე გვყავს ღორები, მყავს 20 ძროხა და აქედან 8 მეწველია, მართალია ეს ყველაფერი შრომატევადია, მაგრამ უსაქმოდ ერთი წუთი ვერ გავჩერდები. შვილებია, შვილიშვილებია ხომ უნდათ საკვები, სხვა თუ ვერა, მეზობელს მაინც დავეხმარებით“, – ამბობს მარინა მიქაძე.
60 წლის მედდას, საკუთარი პროფესია იმდენად უყვარს, რომ როგორც თავად გვიყვება, პაციენტის დასახმარებლად ველოსიპედითაც წასულა.
„გუშინ იყო შემთხვევა, რომ დამირეკეს და მითხრეს მოწამლული ქალბატონი გვყავდა სოფელის ბოლოში, ამ დროს ძროხებს ვწველიდი, ვუთხარი, რომ 20 წუთში იქ ვიქნებოდი და ამ 20 წუთში როგორ ჩამოვწველე და გავიქეცი პაციენტთან არ მახსოვს, თუ მანქანაა სახლში, მანქანით დავდივარ, იყო შემთხვევა ორსულთან ველოსიპედითაც წავსულვარ, რა მექნა, მშობიარობა იყო. ფეხითაც მირბენია, როცა ამის საჭიროება იყო“, – გვითხრა მან.
სოფლის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას ქალბატონი მარინა ყოველ დილის 10:00 საათზე იწყებს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ პროფესიაში განსაზღვრული დრო არ არსებობს. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე კი სიხარულით გვამცნობს, რომ სოფელ ქოლობანში ყველაფერი კარგადაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები