„ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს
„ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარტიის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
„უნდა შეგახსენოთ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ, ჩვენ თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა და როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ჩვენ ამ რეჟიმს. თქვენ საკმარისი ხმა გაქვთ და საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში ჩვენ გარეშეც იქნება დამტკიცებული, მაგრამ ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა ექნებოდა. თქვენ ეს არ მოინდომეთ. რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს, რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ, რას აპირებდა მთავრობა. კიდევ უფრო დიდი ეჭვები გაჩნდა, როდესაც გუშინ მთავრობის პოზიცია მოვისმინეთ, თურმე ბიუჯეტის წარმოდგენასაც კი არ აპირებთ. არათუ გეგმასაც კი არ აპირებთ, იქნება პროექტი, რაღაც იდეების მონახაზი. ეს იდეები ჩვენ მოვისმინეთ და, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი პროპაგანდისტული იყო“, – განაცხადა გოცირიძემ.