“ამ ეტაპზე, კლინიკას აქვს რესურსი, 72 პაციენტი მიიღოს”- რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნა

“არსებული რესურსით მოვახდინეთ სტაფის მობილიზება და, ამ ეტაპზე, 35 ექიმია მობილიზებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის საავადმყოფოს გახსნაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საოკუპაციო ზოლზე მდებარე მრავალპროფილურ კლინიკას, ამ ეტაპზე, აქვს რესურსი, მიიღოს 72 პაციენტი.

“ამ ეტაპზე, კლინიკას აქვს რესურსი, მიიღოს 72 პაციენტი, მათ შორის, 14 რთული ან გართულებული მდგომარეობით. ჩვენ კიდევ გავაძლიერებთ რუხის საავადმყოფოს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მას აქვს და ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვების გაორმაგება. შემდეგ ჩვენ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გაშლილი მულტიპროფილური საავადმყოფო და იგი სრულად ჩაერთვება კოვიდინფექციის მართვაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ შვიდ ე.წ ცხელების ცენტრს მერვე  – რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოც დაემატა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები