ნინო ლაცაბიძე: ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, როგორც განათლების მიღებაში, ასევე მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა

რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – სტუდენტური პროგრამის ,,მართე შენი ქალაქი” მე-8 ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერიაში, აღნიშნული პროგრამა უკვე 3 წელია რაც ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა. რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში კი დღეისათვის პროექტ ,,მართე შენი ქალაქის” მონაწილე 30 ახალგაზრდაა დასაქმებული.

პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახლად გახსნილ ახალგაზრდობის სასახლეში, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა და ,,მართე შენი ქალაქის” მერვე ეტაპი, მათთან ერთად შეაჯამა.

ლაცაბიძის თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა, ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

,,რუსთავში ახალგაზრდული პროექტის – ,,მართე შენი ქალაქის” მერვე ეტაპი დავასრულეთ დღეს. მერიის ახალგაზრდულ პროექტებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში 5000-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, როგორც განათლების მიღებაში, ასევე მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა. ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა, მათთვის სწორედ ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკა, მოიცავს სრულ ციკლს განათლების ხელშეწყობიდან კარიერულ ზრდამდე. 2022 წლიდან დღემდე, მერიის სწავლის დაფინანსების პროგრამით, 10 000-მა რუსთაველმა სტუდენტმა ისარგებლა, 1500 წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა სპორტსმენი ყოველთვიურად სარგებლობს მერიის სტიპენდიის პროგრამით და სახელოვნებო განათლება 1400 რუსთაველ ბავშვს უფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები