საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

„თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას საბერძნეთს დაუპირისპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – ანგარიშით 29: 26- დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

„გადამწყვეტ მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში უპირატესობის მოპოვება შეძლო და შეხვედრა ანგარიშით 29: 26 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნიქაბაძე დასახელდა.

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები