ირაკლი ქადაგიშვილი გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ინტერნაციონალიდან იღებდნენ დაფინანსებას
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებს ეხებოდა.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც უპირველეს ყოვლისა არის რაღაც სხვა დიდი იდეოლოგიური, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგია ჰქვია.
„არის ასეთი გამოთქმა – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც უპირველეს ყოვლისა არის რაღაც სხვა დიდი იდეოლოგიური, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგია ჰქვია და ამის ქვეშ მიმდინარე ყველა პროცესი, განათლებას შეეხება, ადამიანს თუ სახელმწიფო პოლიტიკას. ისინი არიან სხვა ინტერნაციონალის ინტერესების გამტარებლები. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ინტერნაციონალიდან იღებდნენ დაფინანსებას და ემსახურებოდნენ ძირითადად ინტერნაციონალის ინტერესების გატარებას საქართველოში და არა პირიქით“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე ისაუბრა, რომლებიც გარე ძალების დავალებებს ასრულებენ.
„პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს კასტა ადამიანებისა, რომელიც მოწყდა თავის სამშობლოს, სიტყვა სამშობლოსაც კი არ აღიარებენ და არიან გარკვეული ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.