BBC: ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, ინდოეთის ძალებმა პაკისტანს სამ სხვადასხვა ადგილას დაარტყეს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის შტატის სასაზღვრო რაიონებში ინტენსიური სროლისა და აფეთქებების შესახებ.
როგორც პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, ისლამაბადი „ამ თავდასხმაზე რეაგირებას მოახდენს მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას“.
„ჩვენი საჰაერო ძალების ყველა თვითმფრინავი ჰაერშია. ეს არის სამარცხვინო თავდასხმა, რომელიც ინდოეთის საჰაერო სივრციდან განხორციელდა“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ქაშმირში ტურისტებზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.
ინდოეთი პაკისტანს საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისლამაბადი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.