გახარია ალიევს – დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტით ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები(ვიდეო)

პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები,ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები,რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები